top of page
  • facebook

თანამედროვე ქართული კალიგრაფიის პრობლემები

  • ოთარ მჭედლიშვილი
  • Feb 27, 2016
  • 6 min read

ბევრი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ქართული კალიგრაფია სათავეს იღებს 2010 წელს გამართული კონკურსიდან „ქართული კალიგრაფია“, რომელიც ჩაატარა ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა. თუმცა გადაჭრით ასე თქმა შეცდომა იქნებოდა. კალიგრაფიის კონკურსები ტარდებოდა უფრო ადრეც, ქართული შრიფტისა და კალიგრაფიის პრობლემები კი მწვავედ იდგა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს (სხვათა შორის სუფთა წერას ძველ დროში ბევრად მეტი ყურადღება ექცეოდა, ვიდრე დღეს, ეს კი კალიგრაფიის საფუძველბია). ამაზე მეტყველებს პერიოდული გამოცემები და თუნდაც სახელგანთქმული ქართველი გრაფიკოსის ლადო გრიგოლიას ნამუშევრები, რომლებიც ინსპირირებულია ძველი ქართული ხელნაწერებიდან და ტრადიციული ქართული დამწერლობის უაღრესად საინტერესო გავნითარებას, ამასთანავე, გადამეტებული არ იქნება იმის თქმა, რომ ამ დარგში სრულიად ახალ ფურცელს, ახალ სიტყვას წარმოადგენს. მე თუ მკითხავთ, თანამედროვე ქართული კალიგრაფიის საფუძვლები დიახ, სწორედ ლადო გრიგოლიას ნამუშევრებში შეგვიძლია ვეძიოთ.


რა არის კალიგრაფია - ხელოვნება თუ ხელოსნობა


სანამ ამ შეკითხვას ვუპასუხებდე, მინდა მოვიყვანო ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ხელოვნებათმცოდნის ერნსტ გომბრიხის სიტყვები: „ხელოვნება, როგორც ასეთი არ არსებობს, არსებობენ მხოლოდ ხელოვანები“ . მე იგივეს ვიტყოდი კალიგრაფიაზე. კალიგრაფიაც, როგორც ასეთი, არ არსებობს, არსებობენ მხოლოდ კალიგრაფები. რომ არსებობდეს კალიგრაფია, როგორც ასეთი, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა მისი „დავიწყებას მიცემა“ (ასე მოიხსენიებენ თანამედროვე ხელოვნებათმცოდნეები და ისტორიკოსები ქართული კალიგრაფიის საბჭოთა პერიოდს) და ასევე მისი, როგორც დარგის აღდგენაც. და თუ ეს ორი რამ მასზე არ მოქმედებს, ეს დებულებები მასზე არ ვრცელდება, მაინც რა არის კალიგრაფია? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ბევრს შეუძლია და მითუმეტეს ადამიანებს, რომლებიც თავს კალიგრაფებს უწოდებენ, რომ იგი ხელოვნებაა. ძალიან ღრმა კმაყოფილების კვალს ტოვებს ადამიანზე იმის გააზრება, რომ რასაც ის აკეთებს, ხელოვნებაა. ამიტომაა ალბათ რომ, როდესაც ვინმე ჩვეულებრივი კალკით რაიმეს გადმოიტანს ფურცელზე, თავი და ვინჩი ჰგონია. კალიგრაფია თავისი ნამდვილი მნიშვნელობით მართლაც რომ ხელოვნებაა, ხელოვნება, რომელიც „როგორც ასეთი, არ არსებობს“.


მხოლოდ ერთხელ, გონებაში დავუშვათ ის დებულება, რომ (როგორც საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებანი) კალიგრაფიაც არსებობს, „როგორც ასეთი“. ამ შემთხვევაში, საქმე უფრო ადვილი იქნებოდა. იგი გახდებოდა უფრო ადვილად აღსაქმელი და უფრო აუცილებელიც, როგორც მაგალითად „სუფთა წერა“. იგი გახდებოდა ხელოსნობა, რადგან გამომსახველობითია და მის ვიზუალიზაციაში მონაწილეობს ხელი გონების კარნახით, ხელი, რომლის მოვალეობაა შექმნას საგანი მხოლოდ იმისთვის, რომ გვჭირდება მისი აღქმა. კალიგრაფია იქნებოდა ხელოსნობა, თუ მას მხატვრულ ღირებულებას მოვაშორებდით და მხოლოდ ფუნქციურს დავუტოვებდით. თუმცა ხშირად ხელოსანსაც შეუძლია შექმნას კარგიც და ლამაზიც ერთად. ამას იგი მხოლოდ საიდანღაც რაიმე ელემენტის და მთლიანად კომპოზიციის გადაღებით ახერხებს. აი, ამიტომ „არსებობენ მხოლოდ კალიგრაფები“, ადამიანები, რომლებიც ცდილობენ იყვენენ მაქსიმალურად შემოქმედებითები, გააკეთონ რაღაც ისეთი, რაც აქამდე ჯერ არავის გაუკეთებია.


არსებობს კალიგრაფები და გადამწერები. კალიგრაფი, რომელიც ქმნის და გადამწერი, რომელიც მის შექმნილს იყენებს. პირველი ხელოვანია, მეორე - ხელოსანი.



სად გადის ზღვარი კალიგრაფიასა და ტიპოგრაფიას შორის


ზემოთხსენებული ცნობილი ქართველ გრაფიკოსს ლადო გრიგოლიას ბევრი იცნობს, როგორც ტიპოგრაფს და არა კალიგრაფს, მაშ იბადება კითხვა: სად გადის ზღვარი კალიგრაფიასა და ტიპოგრაფიას შორის?

კალიგრაფიის არსი რომ მხოლოდ ტექსტის გადაწერა იყოს, იგი გუტენბერგის საბეჭდი მანქანის შექმნიდან სულ მალე გაქრებოდა. სწორედ მისი ესოდენ ფართო მნიშვნელობა არის თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო. ხშირად, როდესაც კალიგრაფიაზე საუბრობენ, დაჟინებით ამტკიცებენ, რომ კალიგრაფიის მომავალი მის დეკორირებულ სახეობაში ან ტიპოგრაფიაში დანერგვაშია. ეს ჭეშმარიტებაა, მაგრამ არა ახალი და დღეს დამტკიცებული. რომ არა ასეთი მიდგომა, ჩვენ არ გვექნებოდა რამდენიმე დიდებული შრიფტი გასული საუკუნეებიდან, არ გვექნებოდა წიგნის ყდისა თუ სატიტულო ფურცელთა გაფორმებები, როგორსაც გვთავაზობს ლადო გრიგოლია და არა მხოლოდ...

ტიპოგრაფია, თავისთავად ხელოვნებაა. ტიპოგრაფი იძულებულია იყოს ხელოვანი, რამეთუ შრიფტი, რომელიც შექმნილია, აღარ საჭიროებს თავიდან შექმნას. თუ ქმნი შრიფტს, აუცილებლად აკეთებ რაღაც ახალს განსხვავებით კალიგრაფიით დაინტერესებული პირისგან, რომელიც კალმის აღებისას დგას დილემის წინაშე, დაწეროს, როგორც ძველები წერდნენ და იყოს „საბეჭდი ადამიანი“ თუ იყოს ხელოვანი.


კალიგრაფია და ტიპოგრაფია მომიჯნავე დარგებია, ისინი ერთმანეთით საზრდოობენ და რა თქმა უნდა, არსებობს საზღვარი მათ შორისაც, სწორედ იქ, სადაც ყველაზე ახლოს არიან ერთმანეთთან. ჩემი აზრით ეს წიგნების ყდები და სატიტულო ფურცლები ან ცალკეული დეკორებია ასევე ზოგიერთი შრიფტიც.

ლადო გრიგოლია

ლადო გრიგოლია


მიდგომა აქაც მარტივია: „არ გადმოიღო პირდაპირ, შექმენი ახალი“. თუ დავუკვირდებით ლადო გრიგოლიას მიერ გაფორმებულ წიგნებს, მასში ამოვიცნობთ ქართულ სულს. არქიტექტურაში ამას „რეგიონალიზმი“ ეწოდება, კალიგრაფიაში, ვფიქრობ, ეს სიტყვა სულაც არ არის ზედმეტი ან უკონტექსტო, მითუმეტეს, ქართულ დამწერლობასთან მიმართებით, რადგან მიუხედავად იმისა, რომ იგი ერთადერთია, არსებობს მისი სტილიზაციის ისეთი ფორმები, რომელიც ართმევს რეგიონულობას და მასში დებს სხვა სულს, მაგალითად ლათინურს, გოთიკურს, არაბულს და სხვას. ეს შესაძლებელია მოხდეს მთელი რიგი კომპოზიციური საშუალებებით. ხშირად ახალი აღიქმებოდა (და ახლაც ასეა) სწორედ სხვა სულის ჩადებით დამწერლობაში. სხვა, უკვე არსებული სტილის ქართულ დამწერლობაზე მორგებით. თუმცა თუ გსურს შექმნა ახალი, ეს არ არის გამოსავალი. სწორედ ეს ძნელი ამოცანა ბრწყინვალედ გადაწყვიტა ლადო გრიგოლიამ.


მნიშვნელოვანია ვახსენოთ რამდენიმე შრიფტი, რომელიც გასული საუკუნეების პერიოდში არის შექმნილი და სადაც ბრწყინვალედ არის წარმოდგენილი ქართული დამწერლობის ყველა ღირსება ისე, რომ არც სიახლისადმი სწრაფვა და ახლის ძიებაა უგულებელყოფილი (რასაკვირველია, იმ ეპოქისთვის).


თუ კალიგრაფი ცდილობს, ნაწერს სილამაზესთან ერთად მიანიჭოს ადვილად აღქმადობის ღირსება, ტიპოგრაფი ცდილობს ფუნქციას ესთეტიკა შეუთავსოს. ესეც ერთგვარი საზღვარია კალიგრაფიასა და ტიპოგრაფიას შორის, მათ მიდგომებს შორის.


ტიპოგრაფის არსებობა მოითხოვს არსებობდეს კალიგრაფი. მხოლოდ არა იმ ვიწრო გაგებით, როგორც ეს ზოგადად ესმით, არამედ კალიგრაფი, როგორც ხელოვანი. იგი აუცილებელია თავად ტიპოგრაფის სულშიც კი ბუდობდეს. და ყველაზე სწორი განმარტება იმ საზღვრისა, რომელიც ტიპოგრაფიასა და კალიგრაფიას შორის არსებობს შემდეგია: ამ ორ დარგს მიჯნავს გამოსახვის საშუალება. თუ პირველისთვის მნიშვნელოვანია ფარგალი და სახაზავი (ან კომპიუტერული პროგრამა), მეორე ექსპრესიულ გზას ირჩევს: კალამსა და მელანს, სისწორეს თავის ხელს ანდობს და მასშტაბს საკუთარ თვალს. სწორედ ეს უმნიშვნელო განსხვავება მაძლევს საფუძველს, ვთქვა, რომ საბჭოთა პერიოდში არსებობდნენ კალიგრაფები, რომ არაფერი ვთქვათ ელენე მაჭავარიანსა და რამდენიმე სხვა ბრწყინვალე წარმომადგენელზე, რამდენი ტიფოგრაფის არსებობაც ადასტურებს ამ აზრს? მითუმეტეს მათი საეტაპო ნამუშევრები...



კალიგრაფიის სწავლების დღეს არსებული პრობლემები

ჩვენი საუკუნის მეორე დეკადის დასაწყისიდან მეტნაკლებად გამოცოცხლდა კალიგრაფიის სასწავლო კერები და მან პირველად კერძო პირთა, ინდივიდუალური კალიგრაფების გარშემო მოიყარა თავი. როდესაც ჭუბერის კალიგრაფიულ სკოლაზე ვიწყებთ საუბარს, შეუძლებელია ეს სკოლა განვიხილოთ კალიგრაფ ლილე ჩხეტიანის გარეშე, რუსთავის კალიგრაფიული სკოლა - დავით მაისურაძის გარეშე და თბილისისა - ლევან ჩაგანავას გარეშე. ამაში ცუდი არაფერია. ვფიქრობ, გავა წლები და ეს სახელები ისევ ასოცირდება ხსენებულ კალიგრაფიულ სკოლებთან. მათ თავიანთი შემოქმედებით ნამდვილად ახალი სიტყვა თქვეს ქართული კალიგრაფიის ისტორიაში. თუმცა პრობლემას ვხედავ არსებული სასწავლო სისტემის მთავარ კონცეფციაში: შეგირდები ოსტატებისგან სწავლობენ არა იმას, როგორ წერონ კალიგრაფიულად, არამედ იმას, როგორ წერენ მისი მენტორები.


ბოლო წლებში ჩატარებულმა კალიგრაფიულმა კონკურსებმა, რომლებიც იმართებოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბაზაზე, ცხადყო ეს ლაფსუსი. ეჭვმიუტანლად შეგეძლოთ გეცნოთ, რომელი კალიგრაფიული სკოლის წარმომადგელის ნამუშევარი იდო თვალწინ. ის, რომ ინდივიდუალური ხედვა არის უმნიშვნელოვანესი და ის, რომ ამის გარეშე კალიგრაფიით დაინტერესებული პირები ხდებიან „საბეჭდი ადამიანები“ ცხადჰყოფს კალგრაფ ალექსანდრე მამუკაშვილისა და ნონა დავითაიას შემოქმედება, რომლებიც თავისუფალია ყველანარი ჩარჩოებისგან და მენტორების დამოძღვრისგან.

ალექსანდრე მამუკაშვილი, საკონკურსო სამუშევარი

ალექსანდრე მამუკაშვილი, საკონკურსო სამუშევარი

ნონა დავითაია, საკონკურსო ნამუშევარი

ნონა დავითაია, საკონკურსო ნამუშევარი


ხსენებული პრობლემის მთავარი მასაზრდოებელია არასრულყოფილი სასწავლო პროგრამა. აღნიშნული ნაკლოვანების გამოსწორება ვცადე 2015 წელს ჩემ და ალექსანდრე მამუკაშვილის მიერ დაარსებულ კალიგრაფიის სკოლაში „ქართული ხელრთვა“. სასწავლო პროგრამა არ მოიცავდა მხოლოდ კალიგრაფიული შრიფტს, ქართული დამწერლობის ისტორიასა და დეკორის უმოკლეს კურსს, არამედ სკოლამ მიზნად დაისახა ეტვირთა ისეთი რთული ამოცანის გადაჭრა, როგორიცაა კალიგრაფიისა და ხელნაკინძი წიგნის ხელოვნების სწავლება. აღსანიშნავია კომპოზიციის, ფერთმცოდნეობისა და ფორმათა აგების საგანი, რომელსაც პირველად მიექცა ყურადღება კალიგრაფიის თანამედროვე სკოლების პრაქტიკაში. ასევე წიგნის მხატვრულად შემკობას მოსწავლეები ეუფლებოდნენ მინიატურის, დეკორისა და ორნამენტის გაკვეთილებზე.


გარდა კერძო კალიგრაფიული შრიფტის სწავლებისა, აუცილებელად მიგვაჩნია კომპოზიციისა და ფერთმცოდნეობის, როგორ კომპოზიციის ერთ-ერთი მთავარი და დარგისთვის საჭირო საგნის დანერგვა.


და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, მიდგომის შევცლა: კალიგრაფიით დაინტერესებულმა პირებმა უნდა ისწავლონ წერონ - „როგორ“ და არა - „რა“. „კალიგრაფი“, რომელიც მოქცეულია მენტორის გავლენის ქვეშ და თავხედურად, წერტილ-წერტილ გადააქვს სხვისი შემოქმედების ნაყოფი, ქვემოთ კი სიამაყით მიაწერს საკუთარ სახელსა და გვარს, მაგონებს ადამიანს, რომელიც კომპიუტერით „აკრიფავს“ რაიმე ტექსტსა და ქვემოთ საკუთარი სახელის წინ ასევე სიამაყით მიუთითებს ტიპოგრაფის ტიტულს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ტექსტი კლავიატურაზე თავად „აკრიფა“. თუ ეს წარმოუდგენელია, მაშინ რატომ ხდება ასე კალიგრაფიაში?



კალიგრაფიის, როგორც ხელოვნების აღქმა და დაფასება


2010 წლიდან ჩატარებლმა კონკურსმა დიდი როლი ითამაშა საზოგადოების ძველ ხელნაწერებთან დაახლოებაში. მაგრამ მხოლოდ ეს უნდა ყოფილიყო მისი მთავარი მიზანი? კონკურსმა ნებისმიერ სფეროში უნდა გამოავლინოს ახალი ტენდენცია. ახალი მიმართულებები. სამწუხაროდ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კალიგრაფიის კონკურსში ეს პრობლემა თვალნათლივ ჩანდა. განსაკუთრებით ბოლო კონკურსს მინდა გამოვეხმაურო. სადაც სრულიად ახალი მიმართულების „ქართული კალიგრამის“ დაბადება მხოლოდ ნომინაციის დონეზე დარჩა და საპრიზო ადგილები გადანაწილდა ძველის ან მენტორის გადმომღერებულ ნიმუშებზე. ვფიქრობ, ეს დამოკიდებული იყო გარკვეული პირების ზედმეტად ჩართულობით კონკურსის მიმდინარეობის დროს. თუმცა ასეც ხდება ხოლმე, „ნობელი“ ყველა ღირსეულს ვერ ერგო...


ვფიქრობ, პრობლემა მხოლოდ ამაში როდი მდგომარეობს. რაკი „სილამაზე კი არ გამოითვლება, არამედ შეიგრძნობა“ , ამიტომ “ხელოვნება სწორედ იმით განსხვავდება მეცნიერებისაგან, რომ მისი ნაწარმოების შეფასება ყოველთვის გარდატყდება სუბიექტური ადამიანური აღქმის პრიზმაში“. რა თქმა უნდა, ასეა კალიგრაფიაც. მისი შეფასება ასე თუ ისე ყველას შეუძლია... მაგრამ ხშირად, ვინც უპირატესობას ანიჭებს უკვე ასებული სტილების რემინისცენციას, ავიწყდება რამდენიმე რამ, კერძოდ:

  • კალიგრაფია განხილული უნდა იყოს როგორც ხელოვნება და არა როგორც ხელოსნობა.

  • კალიგრაფია თავისი შინაარსით შემოქმედებითი დარგია და ოქროს შუალედიდან (ნაწერის ფუნქციის - კითხვადობასა და ესთეტიკურ მხარეს შორის) გადახრა შემოქმედებითი მხარისკენ უნდა იყოს დაფასებული და არა უარყოფილი.

  • კალიგრაფია, როგორც ასეთი, მონასმების ხელოვნებაა და განსხვავებული მონასმების ფურცელზე გაჩენამ არ უნდა დააფრთხოს მნახველი.


თანამედროვე კალიგრაფიის ტექნიკური პრობლემები


ვფიქრობ, კალიგრაფიის სკოლის „ქართული ხელრთვა“ დაარსებით აღარ არსებობს კალიგრაფიული სკოლის არარსებობის პრობლემა, რომელიც ნამდვილად არსებობდა (სხვა კალიგრაფიული სკოლები მხოლოდ კალიგრაფიასა და წიგნის ხელოვნებას ან არ ემსახურებოდა და კალიგრაფია ხელოვენის სხვა საგვენთან ერთად ერთ-ერთი რიგირთი საგანი იყო ან ნაკლებად მცირე სასწავლო პროგრამა ჰქონდა იმისთვის, რომ მისთვის სკოლა გვეწოდებინა). უფრო სხვა ტექნიკური პრობლემები იჩენენ თავს.


უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ ლიტერატურა. რომელიც არათუ ქართულ კალიგრაფიაზე, არამედ ნათარგმნი სახითაც კი არ მოიპოვება უცხოური ენიდან, ვთქვათ ლათინური კალიგრაფიის შესახებ, რომელიც საბაზისო ცოდნას მისცემდა მკითხველს კალიგრაფიული გრაფიკის დარგში (მონასმების სუფთად შესრულება. კალმების სახეობანი და მათი შესაძლებლობები და ა.შ.).


კალიგრაფიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, საჭირო ინვენტარის არსებობა, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე ნაწარმოებების შექმნა.


არსებობს სამი ძირითადი საშუალება კალიგრაფიის საქმეში: ფურცელი, კალამი და მელანი. ამათგან განსაკუთრებით იგრძნობა კალამთა ნაკლებობა საკანცელარიო და სამხატვრო მაღაზიებში. მელანი და ფურცელი გაჭირვებით, თუმცა მაინც იშოვება. ეს ალბათ იმიტომ, რომ მათზე გაცილებით მაღალი მოთხოვნილებაა. კალმის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით. მასალათა ნაკლებობამ ერთი დადებითი როლიც ითამაშა, სწორედ ამ ფაქტორმა იძულებული გამხადა მიმემართა ძველი ოსტატების ხელსაწყოებისთვის და ძიებასა და ექსპერიმენტებში იბადებოდა ახალი იდეები, ხედვები... აღმოვაჩინე ეტრატის, ლერწმის კალმის, ბატის ფრთისა და ნაწილობრიც მელნის საიდუმლოებებიც. თუმცა ამას წლების მუშაობა დასჭირდა,


რაც დამწყები კალიგრაფისთვის წარმოუდგენელია. აუცილებელია მზა საშუალებებზე ხელმისაწვდომობა ჩვენს ქვეყანაში, ეს კიდევ უფრო დაეხმარება კალიგრაფიის განვითარებას.


გარდა ძირითადი ხელსაწყოებისა არსებობს სხვა მნიშვნელოვანი მასალებიც: საწერი დაფა, ძვლისგან დამზადებული ე.წ. „შპადელი“, დაკანონვისა თუ მოვარაყებისთვის აუცილებელი ხელსაწყოები, რომლის მაგივრობას ჩვენში კუსტარულად დამზადებული ნივთები წევენ, რაც მნიშვნელოვნად ამდაბლებს კალიგრაფიული ნამუშევრების ხარისხს.


თბილისი, 3 იანვარი, 2016 წელი


 
 
 

コメント


პროგრამა
ცნობილი სტატიები
ბოლო სტატიები
არქივი
ბმულები
დაგვიკავშირდით
  • Facebook Basic Square

© 2023 by Art School. Proudly created with Wix.com

bottom of page